ქლორჰექსიდინი —- წარმოადგენს ერთერთ ყველაზე აქტიურ ანტისეპტიკს. აქვს სწრაფი და ძლიერი ანტიბაქტერიული მოქმედება გრამდადებით და გრამუარყოფით ბაქტერიებზე. ეფექტურია არხის მიკროფლორის, მათ შორის E. faecalis მიმართ. პრეპარატი სტაბილურია და გარკვეული დროის განმავლობაში რჩება ქსოვილებში მათი დამუშავების შემდეგ და აგრძელებს მოქმედებას.
ქლორჰექსიდინის ანტიმიკრობული მოქმედება დამოკიდებულია მის კონცენტრაციაზე. ეფექტური ირიგაციისთვის რეკომენდებულია 2% ხსნარი. მისი მაღალი ბაქტერიოციდულობის მიუხედავად, როგორც Clegg-ისა და მისი თანაავტორების მიერ ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, იგი არ ახდენს გავლენას ბიოფილმზე.
ქლორჰექსიდინს აქვს უნარი დაუკავშირდეს ანიონურ მოლეკულებს, როგორიცაა ჰიდროქსიაპატიტის სტრუქტურაში შემავალი ფოსფატი. ამის გამო მისი მოქმედების შედეგად შეიძლება დგილი ჰქონდეს დენტინის მსუბუქ დემინერალიზაციას.
ალერგიულ რეაქციებსა და ქსოვილების გაღიზიანებას ქლორჰექსიდინი იშვიათად იწვევს. ასევე არ უშლის ხელს კომპოზიციური მასალის პოლიმერიზაციას.
როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, ქლორჰექსიდინის გამოყენება არ შეიძლება ნატრიუმის ჰიპოქლორიტთან ერთად.
იოდინოლი — წარმოადგენს იოდის ნაერთს პოლივინილის სპირტთან, აქვს მუქი ლურჯო შეფერილობა, ხასიათდება გამოხატული ბაქტერიოციდული და ფუნგიციდური თვისებებით, ახდენს პერიოდონტის დამცავი თვისებების სტიმულაციას და აჩქარებს მის რეგენერაციას. აქტიური იოდი ნაერთიდან გამოიყოფა თანდათანობით, ავლენს რა პროლონგირებულ სამკურნალო მოქმედებას. ენდოდონტიაში იოდინოლი გამოიყენება როგორც არხის დასამუშავებლად, ისე მისი სისუფთავის ინდიკატორად, რადგან დაშლის პროდუქტებთან და ჩირქთან შეხებით იგი უფერულდება.
იოდონატი — შეიცავს 4,5% იოდს. გააჩნია ბაქტერიოციდული და ფუნგიციდური მოქმედება.
წყალბადის შეჟანგის 3% ხსნარი — ქსოვილთან ან ორგანულ ნივთიერებასთან შეხებისას მომენტალურად დისოცირდება და გამოყოფს ჟანგბადს. გაზის სწრაფ გამოყოფას გააჩნია სუსტი ბაქტერიოციდული მოქმედება, ასევე ხდება არხის მექანიკური გასუფთავება ქსოვილის ნარჩენებისაგნ და დენტინის ნაქლიბისგან. გამოიყენება როგორც სისხლის შემადედებელი საშუალება ვიტალური ექსტირპაციისას, თუმცა მას არ გააჩნია უნარი გახსნას ნეკროზული ქსოვილები და სხვა ორგანული ნარჩენები.
ნატრიუმის ჰიპოქლორიტისა და წყალბადის ზეჟანგის მონაცვლეობით გამოყენებისას მათი ეფექტურობა მკვეთრად იზრდება, რამდენადაც ქიმიური რეაქციის შედეგად გამოიყოფა თავისუფალი ჟანგბადი და ქლორი. შედეგად მიკროორგანიზმები ნადგურდება და გამოირეცხება არხიდან.
ნიტროფურანის რიგის პრეპარატებიდან ენდოდონტიაში გამოიყენება ფურაცილინის 0,5% ხსნარი, ფურადონინის, ფურაგინისა და ფურაზოლიდონის 0,1-0,15% ხსნარები.
არხის ირიგაციის მეთოდები
- მანუალური
- ულტრაბგერითი
- ბგერითი
- ჰიდროდინამიკური
- ლაზერული
მანუალური დამუშავების რამდენიმე მეთოდი არსებობს:
— ფაილზე დახვეული და ანტისეპტიკით გაჟღენთილი ტურუნდით;
— ანტისეპტიკით გაჟღენთილი ქაღალდის შტიფტით;
— გამორეცხვა შპრიცით და სპეციალური ენდოდონტიური ნემსით.
ირიგაციის ტრადიციული მეთოდები ენდოდონტიური შპრიცით დამაკმაყოფილებელია არხის გვირგვინოვანი და შუა მესამედის დასამუშავებლად, მაგრამ არაეფექტურია აპიკალურ მესამედში. ზედაპირული დაჭიმულობის გამო ირიგანტი ვერ არწევს აპექსამდე და წარმოიქმნება ე.წ. ჰაერის ბუშტუკი. შედეგად არხის აპიკალური ნაწილი დაუმუშავებელი რჩება.
არსებობს რამოდენიმე მარტივი წესი და მეთოდი, რომელიც საშუალებას გვაძლევს შპრიცით ირიგაცია უფრო ეფექტური გავხადოთ. მნიშვნელოვანი მომენტია ნემსის მოძრაობა საირიგაციო ხსნარის შეყვანისას, ასევე შპრიცის მდებარეობა. ხსნარი უნდა შევიყვანოთ ნელა და აკურატულად, ამავე დროს ნემსი უნდა ასრულებდეს მოძრაობებს წინ და უკან მიმართულებით. რეკომენდებულია დგუშზე არა ცერა, არამედ საჩვენებელი თითის ზეწოლა, რადგან ამ დროს ტაქტილური კონტროლი ბევრად უკეთესია.
თავის მხრივ ნემსის სეღწევის სიღრმე დამოკიდებულია აპექსის დიამეტრზე, არხის კონუსურობაზე და ნემსის დიამეტრზე.
ნემსის დიამეტრს ზომავენ სპეციალურ ერთეულებში — gauge.
gauge | მმ |
23
25 27 29 30 |
0,57
0,45 0,36 0,28 0,25 |
EndoEzen Tips და NaviTip (“Ultradent”) ნემსებს გააჩნიათ დიამეტრი 29 gauge ანუ 0,28 მმ, რაც საშუალებას იძლევა ნემსი მოთავსებულ იქნას მაქსიმალურად ახლოს აპექსთან. ნემსის მნიშვნელოვანი მახასიათებელია დრეკადობა, ასევე ის, რომ საშუალებას იძლეოდეს წინასწარ მივცეთ შესაბამისი ფორმა მოხრილი არხების საირიგაციოდ.
საირიგაციო ხსნარის აქტივაციისთვის ხშირად გამოიყენება ულტრაბგერა. არხს ავსებენ ხსნარით და ათავსებენ N15 ან N20 ზომის ფაილს. ულტრაბგერითი რხევები გადაეცემა სითხეს, რაც იწვევს ე.წ. აკუსტიკურ კავიტაციას. თუ ამ დროს ირიგანტად გამოიყენება NaOCl, მისი ანტიბაქტერიული ეფექტი ერთიორად იზრდება. გარდა ამისა, გაზის გამოყოფის გამო მატულობს ლოკალური ტემპერატურა. ამ ეფექტის წყალობით წარმატებით ხდება დენტინის ნაქლიბის, პულპის ნარჩენებისა და ბიოფილმის მოშორება არხის კედლებიდან.
ულტრაბგერის გარდა ირიგანტის აქტივაციისთვის შეიძლება გამოიყენებოდეს ბგერითი რხევები (EndoActivator), სადაც რხევები ნაკლები სიხშირისაა, მაგრამ მეტი ამპლიტუდის მქონე.
აპიკალური მესამედის უფრო ეფექტური დამუშავებისთვის შეიქმნა ასევე სისტემა RinsEndo (“Durr Dental”), რომელიც წარმოადგენს ტურბინულ გადამწოდზე დამაგრებულ სპეციალურ შპრიცს. თუმცა არხის დამუშავების ხარისხი მისი საშუალებით უფრო მეტია, ამასთანავე მეტია ირიგანტის გადატანის შემთხვევებიც პერიაპიკალურ მიდამოში (80%, ჩვეულებრივი შპრიცით –13%), რასაც განსაკუთრებით არასასურველი შედეგი მოჰყვება NaoCl-ის გამოყენებისას.
კიდევ ერთი ვარიანტი აპიკალური მესამედის ეფექტური დამუშავებისთვის არის სისტემა EndoVac (SybronEndo), მისი მოქმედების პრინციპია ირიგაციის პარალელურად სითხის ასპირაცია არხში შექმნილი უარყოფითი წნევის საფუძველზე. ამ დროს პერიაპიკლაური დაზიანების რისკი მინიმალურია.
შედარებით ახალი მიმართულებაა ფოტოაქტივირებადი დეზინფექცია (PAD ან POT). მეთოდის არსი მდგომარეობს შემდეგში: არხში შეჰყავთ სპეციალური ხსნარი — ფოტოსენსიტაიზერი და ასხივებენ დაბალი სიმძლავრის ლაზერით. ხსნარის ფოტომგრძნობიარე მოლეკულები ემაგრებიან ბაქტერიის უჯრედის მემბრანას ან აღწევენ მის შიგნით. ლაზერული გამოსხივება წარმოადგენს გამშვებ მექანიზმს ქიმიურ რეაქციათა ჯაჭვისა, რომლის შედეგადაც წარმოიქმნება თავისუფალი რადიკალები. ისინი იწვევენ ბაქტერიული უჯრედის გარსის რღვევას, ბაქტერიული ტოქსინების ინაქტივაციას, პროტეინებისა დნმ-ის მოლეკულების დეგრადაციას, რის შედეგადაც ბაქტერიული უჯრედები იღუპება. ამ მეთოდის მთავარი უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ ფოტოსენსიტაიზერის მოლეკულები აღწევენ უშუალოდ ბიოფილმის სიღრმეში და კონტაქტში შედიან ბაქტერიულ უჯრედებთან.