მეორე ჯგუფი — ანტისეპტიკური სახვევები სადეზინფექციო საშუალებებია, რომელსაც ტოვებენ არხში გარკვეული დროით. არხის შიგთავსის ევაკუაციის შემდეგ მიკროორგანიზმები მოკლებულნი არიან საკვებ გარემოს და მგრძნობიარე ხდებიან სუსტი მედიკამენტების მიმართაც კი. ეს ნივთიერებები ქმნიან მიკრობებისთვის არახელსაყრელ გარემოს და ამავდროულად ახდენენ პერიაპიკალური ქსოვილების დამცველობითი ფუნქციების სტიმულაციას. რამდენადაც მიკროორგანიზმების ძირითადი ნაწილი მოშორებულია არხის ინსტრუმენტული დამუშავების შედეგად, ანტისეპტიკურ სახვევებში ანტისეპტიკის მაღალი კონცენტრაცია არაა აუცილებელი. მათი ფუნქცია შემდგომში მდგომარეობს: გაანადგურონ ან შეამცირონ დარჩენილი მიკროფლორა არხის ძირითად სანათურში, დელტისებურ ნაწილში და დამატებით არხებში, ზემოქმედება მოახდინონ პულპის ნარჩენებზე, შეამცირონ ტკივილი, შეამცირონ ანთებითი პროცესი პერიოდონტში და მოახდინონ მისი რეგენერაციის სტიმულაცია.
ანტისეპტიკურ სახვევებს მიეკუთვნება ეთერზეთები, არასპეციფიური და სპეციფიური მედიკამენტები, მათი ნარევები და სხვა.
ეთერზეთებიდან ყველაზე ხშირად გამოიყენება ევგენოლი, რომელიც ფენოლის მსგავსი — მიხაკის ზეთის პროდუქტია. ალბათ სწორედ ამ მსგავსებით აიხსნება ევგენოლის მოქმედება ცოცხალ ქსოვილებზე.
არასპეციფიური საშუალებების უმრავლესობა ხსნარებია დაბალი ზედაპირული დაჭიმულობით. ისინი ანადგურებენ ბაქტერიებისა და საფუარისმაგვარი სოკოების დიდ ნაწილს. ენდოდონტიაში გამოყენებადი არასპეციფიური მედიკამენტების ტიპიური წარმომადგენელია ფენოლის ჯგუფის პრეპარატები. მათი უმრავლესობა (ფორმოკრეზოლი, ქაფურის პარაქლორფენოლი, კრეზოლონი) შედის დღეისათვის დაპატენტებული ყველა ანტისეპტიური სახვევის შემადგენლობაში.
მესამე ჯგუფი — არხის ქიმიურად გასაფართოებელი საშუალებები. არხის ინსტრუმენტული დამუშავების გასაადვილებლად, ასევე ვიწრო და ობლიტირებული არხების გასაფართოებლად გამოიყენება კომპლექსონები ანუ ე.წ. ხელატური ნაერთები, რომლებიც ენათესავებიან ტუტემიწათა მეტალებს. არხის გამაფართოებელი ეფექტი ემყარება მათ უნარს დაუკავშირდნენ კალციუმს და წარმოქმნან კალციუმის ხსნადი ხელატები. ამის გამო არხის კედლის ზედა ფენა განიცდის დეკალცინაციას (20-30 μ 5 წთ-ში) და რბილდება, რაც აადვილებს ინსტრუმენტულ დამუშავებას. კომპლექსონები არატოქსისურია, მარტივია გამოსაყენებლად და არ მოითხოვს შენახვისათვის განსაკუთრებულ პირობებს.
არხის გამაფართოებელ საშუალებებს მიეკუთვნება 15-18% ედტა (ეთილენდიამინტეტრა აცეტატი) და 10-20% ლიმონმჟავა. უფრო ხშირად გამოიყენება ედტა-ს საფუძველზე დამზადებული გელები.
ედტა-ს შემდეგ NaOCl-ით არხის ირიგაციისას წარმოიქმნება ქაფი, რომელსაც ამოაქვს არხის შიგთავსი და დენტინის ნაქლიბი. 17% ედტა-ს ხსნარით 1 წუთის განმავლობაში ულტრაბგერის საშუალებიტ დამუშავება მნიშვნელოვნად აუმჯობესებს არხის დეზინფექციას აპიკალურ ნაწილში. დაუშვებელია ედტა-ს არხში დატოვება შემდეგ ვიზიტამდე. მისი გამოყენების შემდეგ აუცილებელია არხის გამორეცხვა გამოხდილი წყლით და გამოშრობა სპეციალური სითხით, რის შემდეგაც უკვე შეიძლება შევუდგეთ არხის დაბჟენას.
ამრიგად, მიუხედავად არხშიდა მედიკამენტების დიდი არჩევანისა, ძირითადი საშუალებები შემდეგია:
- 3-5,25% ნატირუმის ჰიპოქლორიტის ხსნარი
- 15-18% ედტა-ს ან 10-20% ლიმონმჟავას ხსნარი
- 3% წყალბადის ზეჟანგის ხსნარი
- დისტილირებული წყალი
თუმცა ედტა მიეკუთვნება არხის გამაფართოებელ საშუალებებს, იგი შეიძლება თამამად მივაკუთვნოთ ირიგანტებსაც, რადგანაც მისი ურთიერთქმედების გარეშე ნატირუმის ჰიპოქლორიტთან არ ხდება პოხიერი შრის მოშორება არხის კედლებიდან. წყალბადის ზეჟანგი გამოიყენება როგორც სუსტი ანტისეპტიკი და ამავდროულად სისხლდენის შემაჩერებელი საშუალება. გამოხდილი წყალი აუცილებელია დასკვნით ეტაპზე ნატრიუმის ჰიპოქლორიტის გასანეიტრალებლად.
ამასთანავე, ნატრიუმის ჰიპოქლორიტის, ედტა-ს და წყალბადის ზეჟანგის მონაცვლეობითი გამოყენების შედეგაც იზრდება ანტისეპტიური სახვევის ეფექტურობა და მისი სამკურნალო მოქმედება პერიაპიკალურ ქსოვილებზე. ასევე ირიგაციის ასეთი ტექნიკა იძლევა სრულფასოვანი ადგეზიის საშუალებას არხის ობტურაციისას.
(მცირედი შემოკლებით. Стоматолог, №7-8 (157-158), 2011.)