“პაროდონტოზი”: რეალობა თუ მითი?

Image

ავტორი: თეა ნაცვლიშვილი — ექიმი-პაროდონტოლოგი, კლინიკა “ზიბექსი”.

შეიძლება ეს სტატია წაიკითხოს, როგორც პაციენტმა, ასევე სტომატოლოგმა. მინდა ყველა იმ ადამიანის ყურადღება მივიპყრო ვინც დარწმუნებულია, რომ არსებობს დაავადება სახელად “პაროდონტოზი” ან თავადაა ავად (რადგან ასე უთხრა ექიმმა-სტომატოლოგმა!).

თავიდანვე უნდა აღსნიშნო, რომ ამ დაავადების დიაგნოსტირება და მკურნალობა ხდება მხოლოდ პოსტსაბჭოურ ქვეყნებში, რადგან რუსეთის პაროდონტოლოგთა ასოციაციამ 2001 წელს (პაროდონტის დაავადებების კლასიფიკაციის ბოლო გადახედვისას) ისევ შეინარჩუნა ეს ტერმინი და იქედან გამომდინარე, რომ საქართველოში სტომატოლოგთა უმეტესობა ხელმძღვანელობს რუსული ლიტერატურით, პაროდონტოზის არსებობა ისევ აქტუალური რჩება.

ამ დაავადებას ასე განმარტავენ: პაროდონტოზი არის პაროდონტის ქსოვილების არაანთებადი დაავადება, რის შედეგადაც ხდება ყბის ძვლებისა და პაროდონტის ქსოვილების ატროფია ქსოვილებში დისტროფიული ცვლილებების მიმდინარეობის შედეგად. კლინიკურად პაციენტს ღრძილის ანთების არ არსებობის შემთხვევაში აღენიშნება კბილის ყელის გაშიშვლება, კბილის ზედაპირზე დეფექტების წარმოქმნა და მგრძნობელობის მომატება, პირის ღრუს ინდივიდუალური ჰიგიენა უმეტესად კარგია და ზოგჯერ იდეალურიც (სურ.1,2).

IMG_1220IMG_1110

როგორც პროფესიულ, ისე არაპროფესიულ წრეებში ხშირად მომისმენია მსჯელობა იმაზე, რომ პაროდონტოზის გამომწვევი მიზეზი ქსოვილების სისხლმომარაგების ან კვების დარღვევაა და საჭიროა ღრძილების მასაჟი; ან ეს პათოლოგია ვითარდება რაიმე ზოგადი დაავადების ფონზე და სასწრაფოდ პაციენტის გამოკვლევა და მკურნალობაა საჭირო (მაგალითად: ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის); ან ვიტამინების ნაკლებობის ბრალია, ამიტომ აუცილებელია ღრძილებში ვიტამინების ინექცია და ა.შ. მიუხედავად აზრთა სიმრავლისა და მკურნალობის მეთოდების სიუხვისა, პაროდონტოზის მკურნალობა ხშირად უშედეგოა. ამიტომაც არაერთხელ მომისმენია პაციენტებისგან უკმაყოფილება.
მოდით სხვა კუთხით შევხედოთ სიტუაციას: თუ ვიტამინების ნაკლებობის ან რაიმე ზოგადი დაავადების შედეგად ვითარდება პაროდონტოზი, მაშინ რატომ ხდება ძირითადად (99%ში) ღრძილის ვესტიბულური (გარეთა) ზედაპირის ატროფია? ნუთუ ღრძილის ორალურ (შინგნითა) ან კბილთაშორის ზედაპირზე არ მოქმედებს ზემოთ აღნიშნული ფაქტორები? ან რატომ პროგრესირებს დაავადება თუ მაგალითად ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის კორექცია მოხდა?
არაპოსტსაბჭოურ ქვეყნებში (ევროპასა თუ ამერიკაში) დიაგნოზი “პაროდონტოზი” ისტორიის ნაწილად იქცა, რადგან 1989 წ. პაროდონტის დაავადებების პირველი საერთაშორისო კლასიფიკაციის შექმნისას ეს დიაგნოზი უკვე არ არსებობდა, რადგან გასული საუკუნის 70-იან წლებში მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ასეთი დაავადება არ არსებობს (არ შეგაწყენთ თავს იმის მოყოლით, რა გამოკვლევებზე დაყრდნობით მოხდა ეს ყველაფერი რადგან ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს. თუმცა, თუ იქნება მკითხველთა დიდი ინტერესი, შემიძლია ამ საკითხს ცალკე სტატია მივუძღვნა).
მაშინ ჩნდება ლოგიკური კითხვა: ზემოთ აღნიშნული კლინიკური სურათის შემთხვევაში (სურ.1,2) რა დიაგნოზს სვამენ ჩვენი კოლეგები საზღვარგარეთ და როგორ მკურნალობენ ასეთ პაციენტებს?
დიაგნოზი ასე ჟღერს: ღრძილების ლოკალიზებული ან გენერალიზებული რეცესია (შემდეგ ხდება გამომწვევი მიზეზის მითითება). გამომწვევი მიზეზები კი სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ მხოლოდ ლოკალურია და არანაირად არაა დაკავშირებული ავიტამინოზთან თუ კვების პრობლემებთან, კონკრეტულად კი:
1. კბილების აგრესიული ხეხვა;
2. არასწორი თანკბილვა (კბილთა მწკრივიდან კბილის გარეთ დგომა);
3. ლაგამების არასწორი მიმაგრება;
4. მავნე ჩვევები;
5. ტრავმა პროტეზით, ბრეკეტით თუ პირსინგით.
ახლა კი ზოგიერთი მათგანი განვიხილოთ დეტალურად:
ღრძილების რეცესია ყველაზე ხშირად კბილების აგრესიული ხეხვის შედეგია, როდესაც, პირველ რიგში ხდება რბილი ქსოვილების (ღრძილის) და ზოგიერთ შემთხვევაში მაგარი ქსოვილების (კბილის მინანქრის და დენტინის) ცვეთაც. დიახ, ცვეთა ყოველდღიური მიკროტრავმების შედეგად, ისევე, როგორც მაგალითად ფეხსაცმლის ძირების ცვეთა. ზოგიერთი ისე ხმარობს ფეხსაცმელს, რომ წლობით ატარებს და ახალივითაა, ზოგი კი რამოდენიმე დღეში ფეხსაცმლის ძირებს ისე ცვეთს, რომ ხელოსანთან მიაქვს გასაკეთებლად. 2 სურათზე ჩემი ერთ-ერთი პაციენტია გადაღებული. ისიც იგივე ჩივილით მოვიდა, რომ როგორ აღარ ვიმკურნალე პაროდონტოზი და ვერავინ მიშველაო. პირის ღრუ დავუთვალიერე თუ არა ვკითხე, როგორ იხეხავთ კბილებსმეთქი. გახარებულმა მითხრა, კბილის ჯაგრისი თან მაქვს და განახებთო. ჯარგისი ძალიან გაცვეთილი იყო და ყვავილივით გადაფურჩქნული (არადა პაციენტმა აღნიშნა რომ 1 თვის წინ გამოცვალა). კბილების ხეხვის დემონსტრირება რომ დაიწყო მე და ჩემი ასისტენტი გაოგნებულები ვუყურებდით ისეთი სისასტიკით აქნევდა კბილის ჯაგრისს. ასეთი პაციენტებისთვის ყველაზე მთავარი იმის ახსნაა, რომ თავად არიან დამნაშავეები ღრძილებისა თუ კბილების ცვეთაში და კბილების ხეხვა “გამურული ქვაბის ხეხვას” არ უნდა დაემსგავსოს. მკურნალობა ამ შემთხვევაში ჯერ კბილის ხეხვის ტექნიკის გამოსწორებაა და შემდეგ ქირურგიული მეთოდებით ღრძილის რეცესიის კორექცია.
1 სურათზე გამოსახულ პაციენტს რომ ავუხსენი მისი დაავადების მიზეზი, გაოგნებულმა შემომხედა და მითხრა: მინდოდა თეთრი კბილები მქონოდაო და კბილის ყელის მიდამოში ყვითელს რომ ვხედავდი კბილის ნადები მეგონა და გულმოდგინედ ვიხეხავდიო არადა, რა ვიცოდი კბილის ფესვი რომ იყოო”. სამწუხაროდ, იგი ცდილობდა გაეხეხა კბილის ფესვის ზედაპირი, რომელიც მინანქრით არაა დაფარული და ამიტომ უფრო მოყვითალო ფერისაა. IMG_1225recesia
პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანატომიურმა თავისებურებებმაც შეიძლება გამოიწვიოს ღრძილის რეცესია. მაგალითად, ამ პაციენტს ქვედა ტუჩის ლაგმის არასწორი მიმაგრების გამო აქვს რეცესია (სურ.3).
მავნე ჩვევებმაც შეიძლება გამოიწვიოს ეს პათოლოგია. ლიტერატურაში აღწერილია ღრძილის რეცესია ღრძილის ფრჩხილით მექანიკური დაზიანების შედეგად (სურ.4).

ყველა შემთხვევაში ხდება ქირურგიული მეთოდებით ღრძილის დეფექტების კორექცია, რა თქმა უნდა მიზეზის მოცილების შემდეგ. რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, ღრძილის რეცესია კორექციის მერე ისევ დაბრუნდება.

შეიძლება ვინმე არ დაეთანხმოს უცხოელი (ევროპელი თუ ამერიკელი) კოლეგების მიდგომას ამ საკითხის მიმართ და ისევ დარჩეს რუსი კოლეგების აზრზე. მაგრამ ფაქტი იმაში მდგომარეობს, რომ ამ პაციენტებს კონკრეტული პრობლემა აქვთ და კონკრეტულ მკურნალობას ითხოვენ. პირადად მე, როგორც 21-ე საუკუნის პრაქტიკოსი ექიმი “მტკიცებულებითი მედიცინის” მიმდევარი ვარ და ჩემს ყოველდღიურ პრაქტიკაში ვიყენებ უმაღლესი ხარისხის კვლევებზე დამყარებულ დიაგნოზებსა თუ მკურნალობის მეთოდებს.

წყარო: http://www.parodontolo.ge/

2 thoughts on ““პაროდონტოზი”: რეალობა თუ მითი?

    1. თუ სტატიის ავტორს გულისხმობთ, მისი საკონტაქტო ინფორმაციაა: სტომატოლოგიური კლინიკა “Zibex”, ვაჟა-ფშაველას 65/67 ტელ: 232 31 03/232 31 05
      ქეთევან გოგილაშვილის სტომატოლოგიის ცენტრი “ალბიუსი“, თაბუკაშვილის ქ. 27 ტელ: 2 400 707

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.