სპორტის დროს ან საყოფაცხოვრებო პირობებში კბილების ტრავმული დაზიანება ხშრად გვხვდება. მოხერხდება თუ არა კბილის შენარჩუნება, ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული.
კბილის სრული ამოვარდნილობის შემთხვევაში რეპლანტაციისთვის (უკან კბილბულდეში ჩანერგვა) ყველაზე ხელსაყრელი პირველი 5 წუთია, მაგრამ ეს უმეტეს შემთხვევაში შეუძლებელია ხოლმე. კბილის ამოვარდნისას ფესვის მფარავი იოგის გაგლეჯა ხდება, რომლის ნაწილიც კბილბუდის კედლებზე რჩება. წარმატებული რეპლანტაციისთვის აუცილებელია ამ ქსოვილის შენარჩუნება. ამიტომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს კბილის გასუფთავება. თუ დაბინძურებულია, ფრთხილად გადაავლეთ სუფთა სასმელი წყალი. დაიკავეთ მხოლოდ გვირგვინოვანი ნაწილით და არ შეეხოთ ფესვს. ქირურგ-სტომატოლოგს რომ დაუყოვნებლოვ უნდა მიაკითხოთ, ამაზე აღარაფერს ვამბობ. ექიმთან მისვლამდე კბილი უნდა მოთავსდეს პაციენტის ნერწყვში, ან სასმელ წყალში, რათა არ მოხდეს მისი გამოშრობა.
სარძევე კბილის ამოვარდნილობის შემთხვევაში მისი რეპლანტაცია არ ხდება. სისხლდენის შემთხვევაში კბილბუდეზე მოათავსეთ მარლის ტამპონი და დააფიქსირეთ ზეწოლით, სისხლდენის შეჩერებამდე და აუცილებლად მიაკითხეთ ექიმს.
თუ კბილი სრულად არაა ამოვარდნილი, ამოწეულია კბილბუდიდან ან პირიქით, ჩაჭედილია, ნუ შეეცდებით მის გასწორებას. ამისიათვის შესაძლოა ორთოდონტიული მკურნალობა გახდეს საჭირო.
გვირგვინის ნაწილის ჩამოტეხვისას აუცილებლად შეინახეთ მოტეხილი ფრაგმენტი. ხშირ შემთხვევაში მისი ადგილზე დაფიქსირება შესაძლებელია სპეციალური მასალის საშუალებით. თუ კბილის პულპა ანუ “ნერვი” გაშიშვლებულია, კბილი მგრძნობიარე იქნება. ასეთ შემთხვევაში კბილის ცოცხლად შენარჩუნება ვერ მოხერხდება და არხის მკურნალობაა საჭირო.
თუ კბილის დიდი ნაწილია მოტეხილი, ასეთ შემთხვევაში აღდგენა შესაძლებელია ბჟენის (რესტავრაციის) ან გვირგვინის საშუალებით. საჭირო გახდება თუ არა არხის მკურნალობა, ეს დამოკიდებულია მოტეხილობის ხაზის მიმართულებაზე. თუ პულპა არაა გაშიშვლებული, არხის მკურნალობა აუცილებელი არაა.
თუ მოტეხილობა ღრძილს ქვემოთაა, კბილის შენარჩუნება უმეტეს შემთხვევაში ვერ ხერხდება და მისი ამოღებაა საჭირო.
მინდა აღვნიშნო, რომ ერთი რამ საერთოა კბილების ყველა სახის ტრავმის შემთხვევაში: რაც უფრო მეტი დრო გადის, მით უფრო მცირდება წარმატებული მკურნალობის შანსი.