კბილის პასტების ბევრი მწარმოებელი იყენებს ზოგიერთ პროდუქტში პლასტმასის (პოლიეთილენის) მიკროგრანულებს, ძირითადად დეკორატიული ან წმენდითი უნარის გაუმჯობესების მიზნით. რამდენიმე წლის წინ, მას შემდეგ, რაც გახშირდა ჰიგიენისტებისა და სტომატოლოგების მიერ ასეთი გრანულების აღმოჩენის შემთხვევები ღრძილის ქსოვილებში, ეჭვქვეშ დადგა მათი შემცველი კბილის პასტების უსაფრთხოება.
პლასტმასის მიკროგრანულების, ისევე როგორც ნებისმიერი უცხო სხეულის მოხვედრა გარემოდან ქსოვილებში, განსაკუთრებით კი პირის ღრუდან, სადაც უამრავი პათოგენური ბაქტერია “სახლობს”, საფრთხეს წარმოადგენს ჯანმრთელობისთვის. უცხო სხეულთან ერთად ქსოვილებში ხვდება ბატერიები, რაც იწვევს ადგილობრივ და შესაძლოა ზოგად გართულებასაც.
ამ კამპანიის საპასუხოდ პირის ღრუს მოვლის საშუალებების ერთერთმა უმსხვილესმა მწარმოებელმა Procter & Gamble-მა (“Crest”) უარი თქვა პლასტმასის მიკროგრანულების გამოყენებაზე 2016 წლის მარტიდან.
აღსანიშნავია, რომ ეს საკითხი კიდევ უფრო პრობლემატურია გარემოს დაბინძურების თვალსაზრისით. კბილის პასტების გარდა, პლასტმასის მიკროგანულებს შეიცავს სახისა და ტანის სკრაბები და ექსფოლიანტები. ყოველდღიურად მათი დიდი რაოდენობა ხვდება კანალიზაციაში. მცირე ზომის გრანულები ფილტრაციას არ ექვემდებარება და ბუნებრივ წყალსატევებში ხვდება. ისინი იკრავენ და აგროვებენ ტოქსინებს, როგორიცაა მაგალითად ინსექტიციდები, ნავთობპროდუქტები და სხვა. მცირე ზომის გამო გრანულები ტოქსინებთან ერთად ადვილად ხვდებიან წყლის ცხოველების ორგანიზმში. დაბინძურებული ზღვის პროდუქტები კი საბოლოოდ ჩვენს მენიუში აღმოჩნდება.
პოლიეთილენი, რომლისგანაც პლასტმასის მიკროგრანულები მზადდება არა-ბიოდეგრადირებადი პროდუქტია. ამიტომ მათი ჩანაცვლება სხვა, ბიოდეგრადირებადი, ნატურალური მასალით პრობლემის გადაჭრის საუკეთესო გზაა.