სრულფასოვანი ძილი აუცილებელია ორგანიზმის სწორი ფუნქციონირებისთვის, როგორც ფიზიკური, ისე მენტალური ჯანმრთელობისთვის. ძილის დარღვევის შემთხვევაში მცირდება კონცენტრაციის უნარი, სტრესის მიმართ მდგრადობა და უარესდება მახსოვრობა. ისინი, ვისაც ეს პრობლემა აქვთ, მუდმივად განიცდიან ენერგიის სიმცირეს და ძილიანობას დღის განმავლობაში.
ძილის აპნოე საკმაოდ ხშირი დარღვევაა, რომელიც ბევრ შემთხვევაში უყურადღებოდ რჩება. ზოგადად აპნოეს დროს სუნთქვა ზედაპირული ხდება ან საერთოდ ჩერდება რამდენიმე წამით ან წუთითაც კი. ძილის აპნოეს შემთხვევაში კი ეს პროცესი ძილში ხდება და ხშირად თან ახლავს ხვრინვა. როდესაც ძილის მთელი ციკლის განმავლობაში 30 ან მეტი ასეთი ეპიზოდია, ძილის ხარისხი მკვეთრად უარესდება. სუნთქვის შეჩერება, თუნდაც რამოდენიმე წამით, ამცირებს ტვინის კვებას ჟანგბადით, რასაც საერთო ჯამში მისი ფუნქციის გაუარესება მოჰყვება. ძილის აპნოე ზრდის ინსულტის, მაღალი წნევს, გულის რითმის დაღვევის ან არითმიის რისკს.
ეს დარღვევა ხშირად უვითარდებათ ჭარბწონიანებს, მამაკაცებს, სასუნთქი გზების გამავლობის პრობლემის მქონე პირებს და ასევე მათ, ვის ახლო ნათესავებსაც აქვთ ძილის აპნოე.
როდესაც მიზეზი სასუნთქი გზების პათოლოგიაა, ხშირად აუცილებელია მიზეზის კორექცია ქირურგიული გზით.
რით შეიძლება დაგეხმაროთ სტომატოლოგი ამ პრობლემასთან ბრძოლაში? მას შეუძლია შეგირჩიოთ ან დაგიმზადოთ სპეციალური კაპა, რომელიც ბრუქსიზმის კაპის მსგავსია. თუმცა ამგვარი პაციენტების მიღება შესაბამის ცოდნასა და გამოცდილებას მოითხოვს სპეციალისტისგან.
ძილის აპნოეს დრო გამოყენებული კაპების მიზანია ქვედა ყბის ან ენის ისეთ პოზიციაში დაფიქსირება, რომ ჰაერი თავისუფლად მიეწოდებოდეს ფილტვებს. ისინი ეფექტურია მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის აპნოეს მქონე პაციენტერისთვის, რაც გამოიხატება ხვრინვის დაძლევაში, ძილის ხარისხისა და თვითშეგრძნების გაუმჯობესებაში.