თუ რომელიმე ზოგადი დაავადება გაწუხებთ და გარკვეულ პრეპარატს იღებთ მუდმივად, აუცილებლად ჩააყენეთ საქმის კურსში თქვენი სტომატოლოგი, რადგან ეს გარემოება შეიძლება გადამწყვეტი იყოს მკურნალობის მეთოდის არჩევისას. ამჯერად ოსტეოპოროზზე გვექნება საუბარი.
ოსტეოპოროზი — ძვლოვანი სისტემის დაავადება, რომელიც ხასიათდება ძვლოვანი ქსოვილის გაიშვიათებით და მისი სიმტკიცის შემცირებით. მას “მსხვრევადი ძვლების დაავადებასაც” უწოდებენ სხვაგვარად.
პრეპარატები, რომლებიც ოსტეოპოტოზის დროს ინიშნება, როგორც წესი ხანგრძლივი მოქმედებისაა. მათი გავლენით ძვლოვანი ქსოვილის გაწოვა ნელდება და ძვლები მკვრივდება. ზოგ შემთხვევაში მათ მიღებას უკავშირდება პათოლოგიური მდომარეობა, რომელსაც ყბის ძვლის ოსტეონეკროზი ეწოდება.
ანტიოსტეოპოროზული პრეპარატებიდან ზოგიერთი ინიშნება ორალურად მისაღებად, ტაბლეტების სახით (Fosamax, Actonel, Atelvia, Didronel, Boniva), ზოგი კი ინტრავენური ინექციების სახით ( Boniva IV, Reclast, Prolia).
ყბის ოსტეონეკროზი იშვიათად ვითარდება სპონტანურად. უმეტეს შემთხვევაში იგი უკავშირდება ძვალზე ჩატარებულ სტომატოლოგიურ პროცედურას (მაგ, კბილის ამოღება). ამიტომ აუცილებლად უნდა აცნობოთ სტომატოლოგს, თუ რომელიმე ანტიოსტეოპოროზულ პრეპარატს იღებთ. ამის გათვალისწინებით ექიმი შედარებით უსაფრთხო გზას აირჩევს მკურნალობისთვის.
თუ ოსტეოპოტოზის მკურნალობის დაწყებას გეგმავთ, აუცილებლად მიმართეთ სტომატოლოგს კონსულტაციაზე, რათა ძვალთან დაკავშირებული ყველა პროცედურა მანამდე ჩაიტაროთ, სანამ პრეპარატის მიღებას დაიწყებთ. თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მკურნალობის პერიოდში სტომატოლოგთან ვიზიტს თავი უნდა აარიდოთ. პირიქით, პირის ღრუს ჯანმრთელობაზე მუდმივი ზრუნვა ამცირებს იმის შანსს, რომ რაიმე რადიკალური ქირურგიული პროცედურა დაგჭირდეთ მომავალში.
და მაინც, თუ ანტიოსტეოპოროზული პრეპარატების მიღებისას მაინც დაგჭირდათ ყბის ძვალზე რაიმე სახის ქირურგია, ნუ შეწყვეტთ პრეპარატს დამოუკიდებლად, აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია თქვენს მკურნალ ექიმთან.