ერთი შეხედვით ძნელია წარმოიდგინო რა კავშირი შეიძლება იყოს ღრძილების დაავადებასა და სისხლძარღვოვან უკმარისობას შორის, რომელიც ხშირად გულის ინფარქტის ან იშემიური ინსულტის მიზეზი ხდება. კვლევების შედეგად დადასტურებულ ფაქტს წარმოადგენს ის, რომ არაკონტროლირებადი პაროდონტიტის მქონე პირებში გულ-სისხლძარღვთა დაავადების განვითარების ალბათობა 2-ჯერ მეტია. ასევე არსებობს მონაცემები პირის ღრუში არსებული ინფექციის კავშირის შესახებ იშემიურ ინსულტთან.
არსებობს რამდენიმე თეორია, რომელიც ხსნის ამ კავშირს:
- ბაქტერიები — პირის ღრუში პათოგენური ბაქტერიების მრავალი სახეობა გვხვდება. ზოგიერთ მათგანს სისხლძარღვში მოხვედრისას აქვს უნარი მიემაგროს არტერიის კედლებზე არსებულ ათეროსკლეროზულ ფოლაქებს. ეს კი ხელს უწყობს სისხლძარღვის გამავლობის კიდევ უფრო შეზღუდვას და აუარესებს ორგანოს კვებას, რამაც საბოლოოდ ინფარქტამდე ან ინსულტამდე შეიძლება მიგვიყვანოს.
- ანთებითი ფაქტორი — პაროდონტის დაავადება ანთებითი პროცესია. შედეგად მატულობს სისხლში ლეიკოციტების და ც-რეაქტიული ცილის დონე. ეს უკანასკნელი კი გულსისხლძარღვთა დაავადების მარკერია.
- იმუნური ფაქტორი — პაროდონტის დაავადება მექანიზმში ერთერთი მთავარი რგოლია ორგანიზმის იმუნური პასუხი ინფექციაზე. იგივე ფაქტორი უდევს საფუძვლად რიგ სისხლძარღვოვან პათოლოგიებს, რაც საფუძველს იძლევა მათ შორის კავშირი ვივარაუდოთ.
რაც უფრო შორსწასულია პაროდონტის დაავადება, მით უფრო რთულია პროგრესის მიღწევა. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია დროული დიაგნოსტიკა, რომელიც პროფილაქტიკურ დათვალიერებაზე უნდა მოხდეს ექიმი-სტომატოლოგის მიერ. თუკი სიმპტომები უკვე გამოხატულია, პირველ რიგში კი სისხლდენა ღრძილებიდან (თუნდაც უმნიშვნელო), მიმართეთ უშუალოდ პაროდონტოლოგს, და არა ზოგად ექიმ-სტომატოლოგს, ან თერაპევტ-სტომატოლოგს. სხვა სიმპტომები ასევე შეიძლება იყოს ღრძილების შეშუპება ან პირიქით — დაწევა, უსიამოვნო სუნი. უკვე შორსწასულ დაავადებაზე მეტყველებს კბილების მორყევა და გადანაცვლება.