თუ კარიესი შენიშნეთ, სტომატოლოგის გეშინიათ და გარეთ კი 21-ე საუკუნეა, ბუნებრივია გუგლს მიმართავთ რჩევისთვის. ის კი უამრავ რესურსს შემოგთავაზებთ, სადაც მავანნი “დამაჯერებლად” გიზიარებენ თავის გამოცდილებას, თუ როგორ იმკურნალეს კარიესი ექიმის გარეშე. პირველ რიგში არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თქვენს მდგომარეობაში ბევრია, ასეთი რესურსები კი ტრეფიკზე ანუ ვიზიტორების მოზიდვაზე მუშაობენ და თუ წყარო კვლევის შედეგს არ წარმოადგენს, მინიმუმ დროს დაკარგავთ კარიესული ღრუს სასწაულებრივი ამოვსების მოლოდინში. მეორე რიგში კი…
ბიოლოგიური თვალსაზრისით შეუძლებელია მინანქრის რეგენერაცია. ამ ქსოვილის წყარო სპეციალური უჯრედები — ამელობლასტებია, რომელიც კბილის ჩანასახი ეტაპზე არსებობს. როცა მინანქრის ქსოვილის ფორმირება დასრულებულია, ეს კი კბილის ამოჭრამდე ხდება, ამელობლასტები ქრებიან. თუ არ არიან ამელობლასტები, მინანქრის წარმოქმნა შეუძლებელია.
ღეროვანი უჯერედების გამოყენების თეორია სწორედ ახალი ამელობლასტების წარმოქმნას მოიაზრებს, რაც თეორიულად შესაძებელს ხდის ახალი მინანქრის შექმნას. არსებობს ასევე სხვა თეორიები, რომელზეც მეცნიერები მუშაობენ, თუმცა ჯერჯერობით რაიმე სერიოზული შედეგის გარეშე.
აქვე აღვნიშნავ, რომ არ უნდა ავურიოთ მინანქრის რემინერალიზაცია და მინანქრის რეგენერაცია. რემინერალიზაციის დროს მინანქრს ხელოვნურად ვაწვდით დაკარგულ მინერალებს, რათა მისი სტრუქტურა აღდგეს და “გამოჯანმრთელდეს”. ეს გზა ეფექტურია მხოლოდ კარიესული ლაქის ეტაპზე, როცა ღრუ ჯერ კიდევ არ არის ფორმირებული.
არსებობს დრ. ვესტონ პრაისის კვლევები, სადაც ჯერ კიდევ ათწლეულების წინ მან აჩვენა, რომ გარკვეულ პირობებში თვითგანკურნება შესაძლებელია, რაც კარიესის შეჩერებას გულისხმობს. ოპტიმალური კვებითი რაციონის შემთხვევაში, როდესაც ნერწყვი შეიცავს ყველა აუცილებელ კომპონენტს, კარიესის შედეგად გაშიშლებული დენტინი გარდაიქმნება, მყარდება და ერთგვარ ბარიერს წარმოქმნის. ასეთი დენტინი შედარებით მუქია ბუნებრივთან შედარებით.
კარიესის დროულ აღმოჩენას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რადგან ამ ეტაპზე მისი მკურნალობა აბსოლუტურად უმტკივნეულოა და კბილის ქსოვილის დანაკარგი მინიმალურია. ეს საუკეთესო გზაა განსაკუთრებით მათთვის ვინც სტომატოლოგის შიშს ებრძვის.