“ჩემი შვილი ყოველთვის იხეხავს კბილებს, მაგრამ კარიესები მაინც უჩდება,”– სწუხს მშობელი და ასეთი ძალიან ბევრია. დარწმუნებულია, რომ ბავშვი დილა-საღამოს იხეხავს კბილებს, მაგრამ სტომატოლოგთან მორიგი ვიზიტისას ისევ უსიამოვნო სიურპიზი ხვდებათ ახალი კარიესის სახით.
კარიესი მულტიფაქტორული ანუ ერთდროულად სხვადასხვა მიზეზებით გამოწვეული დაავადებაა. ამ მიზეზებიდან ყველაზე აქტუალურია ცუდი / არასწორი/ არასათანადო ჰიგიენა + შაქრით/ნახშირწყლებით მდიდარი საკვები. ამასთანავე ცნობილია, რომ უმეტეს შემთხვევაში ბავშვები კბილებს ნაჩქარევად იხეხავენ, ასევე არასწორი ტექნიკით და უფროსის მეთვალყურეობის გარეშე (თავისთავად, უფროსიც უნდა ფლობდეს პირის ღრუს სწორი ჰიგიენის წესებს).
პატარებისთვის რთულია ჯაგრისის მოხერხებულად ხელში დაჭერა და ისე მანევრირება, რომ არცერთი უბანი თუ ძნელად მისაწვდომი ადგილი არ დარჩეს გაუწმენდავი. ასეთ “რთულ” ადგილებში კი ბაქტერიები რჩება და მრავლდება. სწორედ ამიტომ რეკომედებულია, რომ კბილების გახეხვის პროცესს მშობელი ესწრებოდეს 8-10 წლის ასაკამდე. იდეალურია, თუკი ამას ერთად გააკეთებენ. ბავშვს მეტი მოტივაცია ექნება და პროცესიც უფრო სახალისო იქნება.
კიდევ ერთი ხშირი მიზეზი არის საკვების ხშირი მიღება, განსაკუთრებით ტკბილებულით და ცომეულით წახემსება. ამ პროდუქტებით “იკვებება” კარიესის გამომწვევი ბაქტერიები, გამოყოფს მჟავას, რომელიც შლის მინანქარს და ასეთ უნბენში ჩნდება კარიესი. ამიტომ, უფრო მიზანშეწონილია ჯანსაღი საკვების გამოყენება წასახემსებლად და წყლის ხშირი მიღება, რომელიც ჩამორეხცავს საკვებ ნარჩენებს და ამავდროულად ანეიტრალებს მჟავებს — სუფთა სასმელი წყლის, და არა გაზიანი და ტკბილი სასმელების, რომელსაც სრულიად საპირისპირო მოქმედება აქვს.
რომ შევაჯამოთ, თუ თქვენი შვილი აბაზანაში შევიდა და “კბილები გაიხეხა”, ეს აუცილებლად არ ნიშნავს რომ კარიესი არ გაუჩნდება, რადგან დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სწორად გაიხეხა, რამდენად სწორად აქვს შერჩეული კბილის პასტა და ჯაგრისი, რამდენად რეგულარულად იხეხავს და რამდენად ჯანსაღია მისი საკვების რაციონი.