ზოგჯერ ფრონტალურ (წინა) კბილებზე მცირედი დეფექტის არსებობაც კი საკმარისია, რომ თამამად გაღიმება პრობლემად იქცეს. ეს შეიძლება იყოს ჩამოტეხილი კიდე, ან არასტანდარტული ფორმის კბილი, ან თუნდაც რთულად შესამჩნევი რაიმე წვრილმანი.
კბილების ვიზუალის კორექციის სხვადასხვა გზა არსებობს, როგორიცაა ვინირები და გვირგვინები. მცირე კოსმეტიკური პრობლემების მოსაგვარებლად ამ მეთოდებთან შედარებით უფრო სწრაფი და იაფი გზაა რესტავრაცია კომპოზიტური მასალით, რომელიც კბილის ზედაპირს ეკვრის და არ გამოირჩევა მისი ბუნებრივი ქსოვილისგან. ამის საშუალებას იძლევა ფერთა ფართო არჩევანი, რომელიც კომპოზიტური მასალების უმრავლესობას გააჩნია. სპეციალურად მხატვრული რესტავრაციისთვის განკუთვნილი ინსტრუმეტებით ექიმი ვირტუოზულად აღადგენს დეფექტს და აძლევს მას ბუნებრივ ფორმას.
კომპოზიტური რესტავრაციის თვისებები, რომელიც დაგეხმარებათ არჩევანის გაკეთებაში:
- მზადდება ერთ ვიზიტზე, რადგან ვინირებისა და გვირგვინებისგან განსხვავებით არ საჭიროებს სატექნიკო ლაბორატორიაში გაგზავნას.
- არ საჭიროებს კბილის ქსოვილის მნიშვნელოვან დამუშავებას.
- გამძლეა. თანამედროვე კომპოზიტები სიმყარითა და ცვეთამედეგობით ხასიათდებიან ძველი თაობის მასალებთან შედარებით და გაცილებით დიდხანს ფუნქციონირებენ.
თუმცა კომპოზიტურმა რესტავრაციებმა შეიძლება ვერ შეძლოს დიდი და მნიშვნელოვანი კოსმეტიკური პრობლემების გადაჭრა, მაგრამ ამ ვარიანტის გათვალისწინება მკურნალობის მეთოდის არჩევისას აუცილებელია.
გამარჯობა, ვინირების გამძლეობაზე მაინტერესებს რაღაც: რამდენი ხანი ძლებს მინიმუმ? ვიცი მედიცინაში ვადებზე საუბარი რთულია, ამას ვერავინ გათვლის მაგრამ თითო ვინირს კარგ სპეციალისტთან ისეთი ფასი აქვს რომ 10-12 წელი არ უნდა დაგჭირდეს გამოცვლა. წამდაუწუმ 5-7 წელიწადში ნამდვილად არ მაქვს იმის შესაზლებლობა რომ ვინირები ვიცვალო, თან მინიმუმ 6 კბილზე მჭირდება და ჩემთვის უმნიშვნელოვანესია ვიცოდე მინიმუმ რმდენი წელი გამიძლებს თუ წელიწადში ორჯერ გავიწმენდ, არ ჩავკბიჩავ წინა კბილებით და ყველა იმ რჩევას გავითვალისწინებ რასაც ექიმი მეტყვის. იმედია ამ კომენტარს მივაგნებ😂
გააჩნია რომელ ვინირზე საუბარი. არის პირდაპირი და არაპირდაპირი ვინირები. პირდაპირი კეთდება უშუალოდ პირის ღრუში ექიმის მიერ “ჰელიობჟენით”. არაპირდაპირი მზადდება ლაბორატორიაში და შემდეგ ფიქსცირდება პირის ღრუში. პირველ ვარიანტს ნაკლები მომსახურების ვადა აქვს ვიდრე მეორეს, რომელიც კერამიკის მასალებისგან ან ცირკონისგან მზადდება, ბევრად ცვეთამედეგია, არ იცვლის ფერს. მეორე ვარიანტის მომსახურების ვადა გაცილებით დიდია და 20 წლამდეც შეიძლება არ დაჭირდეს შეცვლა, სწორი დამზადების შემთხვევაში. ასევე გააჩნია თუ რა სახის მასალაა გამოყენებული არაპირდაპირი ვინირის დასამზადებლად.
მეორეს ვგულისხმობ, კერამიკულ ვინირებს, თხელი რომ არის, დრო რომ ჭირდება მის დამზადება და მერე რომ კეთდება კბილებზე. 20 წელი? ეგ ჩემთვის სასიხარულო ამბავია🥰. დიდი მადლობა
დიახ, კერამიკის ვინირი 5-7 წელიწადში არ ხდება შესაცვლელი. მაგრამ არც ყოველთვის 20 წელი ძლებს. როგორც ხვდებით მნიშვნელობა აქვს გარემოებებს.