კორონავირუსი, რომელიც ინფექციურ დაავადება COVID-19-ს იწვევს, სასუნთქი გზებიდან გამოყოფილი მიკროსკოპული წვეთებით ვრცელდება, მაგ. ხველების ან ცემინების დროს. მათი ჩასუნთქვის შედეგად სხვა პრიოვნების მიერ იგი ინფიცირებული ხდება. ვირუსს ასევე შეიცავს ნერწყვი და პირისა და ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსი. ნერწყვი და ლორწო სწორედ ის სუბსტანციებია, რომელთანაც შეხება აქვს სტომატოლოგს. გარდა ამისა, სტომატოლოგიაში გამოყენებული ზოგიერთი აპარატურა იწვევს აეროზოლის (ჰაერში გაფრქვეული სითხის მიკროწვეთები) წარმოქმნას. თუკი დიდი ზომის წვეთები სწრაფად ეშვება ქვემოთ და ნივთების ზედაპირზე რჩება, აეროზოლად ქცეული სითხე გაცილებით დიდხანს რჩება ჰაერში და მისი ჩასუნთქვის რისკიც მეტია. მიუხედავად გამწოვი საშუალებებისა, სითხის წვეთები მაინც შეიძლება აღმოჩნდეს ირგვლივმდებარე საგნებზე. სტანდარტული ჰიგიენური პროტოკოლი რათქმაუნდა ყოველთვის ითვალისწინებდა კაბინეტის დამუშავებას ყოველი პაციენტის შემდეგ. მაგრამ კორონას პერიოდში სანიტარულ-ჰიგიენური სტანდარტები მნიშვნელოვნად შეიცვალა და კარანტინის შემდეგ კლინიკები და კაბინეტები განახლებული წესებითა და ვალდებულებებით შეუდგნენ მუშაობას. ათწლეულების წინ აივ-ინფექციის გავრცელებამ ასევე გამოიწვია ცვლილებები ინფექციის კონტროლში და სტომატოლოგის აღჭურვილობას დაემატა ხელთათმანები და სათვალე.
ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის (CDC) რეკომენდაციით:
- პაციენტის სკრინინგი ხდება მის ვიზიტამდე ტელეფონის საშუალებით. მას ეკითხებიან ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ბოლო 14 დღის განმავლობაში და COVID-19-ით ინფიცირებულთან კონტაქტის შესახებ. კლინიკაში მისვლისას ეს გამოკითხვა კიდევ ერთხელ ტარდება თერმოსკრინინგთან ერთად.
კლინიკაში ყველა ატარებს პირბადეს პაციენტის ჩათვლით, სანამ იგი დაჯდება სტომატოლოგიურ სავარძელში. - სასურველია, რომ მოსაცდელ ოთახში არ მოხდეს პაციენტების დაყოვნება, სკამები კი დაიდგას ერთმანეთისგან 2 მეტრის დაშორებით.
- აეროზოლის წამომქმნელი აპარატურის გამოყენება, როგორიცაა მაგალითად ულტრაბგერითი ინსტრუმენტები, მინიმუმამდე უნდა იყოს დაყვანილი. მათი გამოყენების დროს კი ექიმის ეკიპირება აუცილებლად უნდა შეიცავდეს N95 ტიპის ნიღაბს, ხელთათმანებს, სათვალეს, სახის ფარს, ერთჯერად სამუშაო ფორმას და ქუდს, უნდა გამოიყენებოდეს რაბერდამი, რომელიც პირის ღრუს იზოლაციის საშუალებას იძლევა და უნდა იმუშაობს 4 ხელში ასისტენტთან ერთად. მძლავრი გამწოვი, რომელიც ასისტენტის მიერ გამოიყენება პირის ღრუში წარმოქმნილი აეროზოლის 90-95% შეისრუტავს.
ახალი გაიდლაინები ასევე ითვალისწინებს სამუშაო ზონისა და კლინიკის ინტერიერის დეზინფექციისა და ვენტილაციის წესებში ცვლილებებს.
და მაინც, ამ რეკომენდაციების მიხედვით აღჭურვილი სტომატოლოგია COVID-19 ინფექციის საშუალო დონის რისკის ჯგუფში ხვდება. სამწუხაროდ ეს რისკი მანამ იარსებებს, სანამ არ გვექნება ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა. შესაბამისად ცვლილებები, რომელიც სტომატოლოგიაში ინფექციის კონტროლს შეეხო, ძალაში დარჩება განუსაზღვრელი ვადით.