კბილების ლაზერული გათეთრება

კბილების გათეთრების მეთოდებს შორის მსოფლიოში პირველ ადგილზეა ლაზერით გათეთრება, თუმცა ამასთანავე ყველაზე ძვირადღირებულიცაა. ძალიან ხშირად ამ მეთოდს ურევენ ფოტოგათეთრებაში (ZOOM-ის მეთოდი) არა მხოლოდ პაციენტები, არამედ სტომატოლოგიური კლინიკებიც.

ლაზერული გათეთრება ხასიათდება მთელი რიგი თვისებებით, რაც მას უპირატესობას ანიჭებს ფოტოგათეთრებასთან შედარებით.

პროცედურა იგივენაირად ტარდება, როგორც  ZOOM-ის მეთოდით გათეთრება, იმ განსხვავებით, რომ გელი, რომელიც მინანქრის ზედაპირზე თავსდება შეიცავს სპეციალურ მცენარეულ პიგმენტს. მას გააჩნია ლაზერის გამოსხივების აბსორბირების უნიკალური უნარი, რაც განაპირობებს ატომური ჟანგბადის უფრო ღრმა შეღწევადობას ( გათეთრების ეფექტი 8-12 ტონი) და პროცედურის უფრო ხანმოკლე მიმდინარეობას (დაახლ. 30 წთ).  მიღებული ეფექტი პრაქტიკულად მუდმივია, კბილების სწორი მოვლის შემთხვევაში. რამდენიმე წლის (5-6) შემდეგ მოსალოდნელია მინანქრის რამდენიმე ტონით გამუქება, რაც გარეშე თვალისთვის პრაქტიკულად შეუმჩნეველია, თუმცა პირვანდელი ფერი აღარასოდეს აღდგება.

ლაზერის სხივის მოქმედება იმპულსური და ლოკალურია, რის გამოც გამორიცხულია რბილი ქსოვილების თერმული დაზიანება და დისკომფორტი პროცედურის მიმდინარეობისას.

ლაზერული აპარატის მოქმედების მექანიზმი სტომატოლოგს საშუალებას აძლევს ზუსტად შეარჩიოს სხივის ინტენსივობა და დროის ხანგრძლივობა. ამის გამო მინანქრის სტრუქტურის ცვლილება არ ხდება და შესაბამისად არც მგრძნობელობა მატულობს.  ZOOM-ის მეთოდისგან განსხვავებით, პროცედურის შემდეგ მინანქარი ისეთივე გლუვი და პრიალაა, როგორც პროცედურამდე.

აქვე უნდა ითქვას, რომ ბოლო წლებში ZOOM-ის მეთოდით გათეთრებისას გამოყენებულ გელში ამორფული კალციუმის ფოსფატის დამატებით მკვეთრად შემცირდა მგრძნობელობის მომატების ალბათობა. იგი მინანქრის ზედაპირზევე კრისტალდება და ავსებს წარმოქმნილ ფორებს, რის გამოც მინანქრის შეღწევადობა, და შესაბამისად მგრძნობელობაც, მცირდება.

გათეთრების ყველა არსებული მეთოდი უსაფრთხო და ეფექტურია, მაგრამ სამკურნალო ეფექტი მხოლოდ აღნიშნული მეთოდისთვისაა დამახასიათებელი, რაც განპირობებულია ლაზერული სხივის ბაქტერიოციდული და შესაბამისად კარიესის საპროფილაქტიკო მოქმედებით.

Advertisements