მკითხველების მიერ დასმული შეკითხვების მიხედვით ეს თემა ერთ-ერთ აქტუალური და ბურუსით მოცულია, არა მხოლოდ პაციენტებისთვის, არამედ როგორც ჩანს ექიმებისთვისაც. ამიტომ გადავწყვიტე ამ საკითხზე პოსტი გამეკეთებინა.
ყველა მეძუძურ დედას, ვისაც სტომატოლოგიური პროცედურის ჩატარება უწევს აწუხებს კითხვა: “ანესთეზიის საჭიროების შემთხვევაში როდის შეიძლება ძუძუთი კვების გაგრძელება?” ზოგს ურჩევენ, რომ მეორე დღემდე არ აჭამოს, ზოგს ურჩევენ რომ მხოლოდ რამდენიმე საათის შემდეგ გააგრძელოს კვება, ზოგს წინასწარ რძის გამოწურვას და შენახვას ურჩევენ…
ფაქტები ასეთია: გამოკვლევების შედეგების მიხედვით* ადგილობრივი ანესთზიის დროს დედის რძეში მოხვედრილი ანესთეტიკისა და მისი მეტაბოლიზმის პროდუქტების რაოდენობა იმდენად მცირეა, რომ ჯანმრთელი ბავშვისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. ამ ნივთიერებების რაოდენობა საათობრივად მცირდება დედის რძეში. თუ დედისთვის დისკომფორტია ის აზრი, რომ ბავშვი მათ მაინც მიიღებს უმცირესი რაოდენობით (უსაფრთხო დოზით), შესაძლებელია რძის წინასწარ გამოწურვა და მომზადება. ანესთეზიიდან 6 საათის შემდეგ პროდუქტები პრაქტიკულად აღარაა რძეში და დედას გულდამშვიდებით შეუძლია გააგრძელოს პატარას ძუძუთი კვება.
სტომატოლოგიური პროცედურების დროს სხვადასხვა სახის ანესთეტიკი გამოიყენება. ლიდოკაინი ყველაზე კარგად შესწავლილი და დადასტურებულად უსაფრთხოა მეძუძური დედებისთვის. უსაფრთხოა ასევე მეპივაკაინი და პრილოკაინი. არაა რეკომენდებული ბუპივაკაინის გამოიყენება ამ შემთხვევაში, ხოლო არტიკაინი (უბისთეზინი, ულტრაკაინი), რომელიც სულ უფრო პოპულარულია დღეს სტომატოლოგიაში, ამ მხრივ ჯერ შესწავლილი არაა და მის უსაფრთხოობაზე საკმარისი მონაცემები არ არსებობს.
სტომატოლოგიაში გამოყენებული ადგილობრივი ანესთეზიის შემდეგ, როდესაც რეკომენდებული ანესთეტიკებია გამოყენებული, ძუძუთი კვების შეზღუდვა აუცილებლობას არ წარმოადგენს ჯანმრთელი ბავშვისთვის. თუ პატარას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რაიმე პრობლემა აქვს, ამ საკითხზე საჭიროა წინასწარი კონსულტაცია მის პედიატრთან.
რაც შეეხება მალხენ გაზს, იგი სისხლში საერთოდ არ რჩება, როგორც კი მისი მიწოდება შეწყდება. ასე რომ, ეს მეთოდიც უსაფრთხოა მეძუძური დედებისთვის.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სრულიად უსაფრთხოა ასევე რენტგენოდიაგნოსტიკა, რადგან მისი მოქმედება არანაირად არ ვლინდება დედის რძეში.
*https://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/11321382
https://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/8408724