ფტორი: მტერი თუ მეგობარი?

კარიესის პროფილაქტიკის მიზნით ფტორის გამოყენების საკითხი ალბათ ყველაზე სადაო თემაა დღეს სტომატოლოგიაში. მიუხედავად იმისა, რომ მისი ეფექტურობა დადასტურებულია — ფტორის არსებობა კბილის მინანქარში მას უფრო მტკიცეს ხდის კარიესოგენული ფაქტორების მიმართ — სადაო რჩება როდის, რა რაოდენობით და რა გზით არის მისი მიწოდება ოპტიმალური.

ფტორის ანტიკარიესული ბუნება აღმოაჩინა ფრედერიკ მაკეიმ, სტომატოლოგმა, რომელმაც ცხოვრების გარკვეული პერიოდი კოლორადოში გაატარა მე-20 საუკუნის დასაწყისში. ადგილობრივი მოსახლეობის ჯანსაღი, თუმცა ყვითელი ლაქებით დაფარული კბილები მან კოლორადოს წყაროებში ფტორის მაღალ შემცველობას დაუკავშირა. ამ ფაქტით დაიწყო სასმელი წყლის ფტორირება, ჯერ ექსპერიმენტის სახით. 15 წლიანი დაკვირვების შემდეგ, ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა გამოაქვეყნა შედეგები, რომელიც ცხადყოფდა კარიესის სიხშირის 50-70%-ით შემცირებას იმ ქალაქებში, სადაც წლის ფტორირება ხდებოდა. ამ შედეგებზე დაყრდნობით მუნიციპალური სასმელი წყლის ფტორირების რეკომენდაცია ოფიციალურად გაიცა 1962 წელს. 

მაგრამ საკითხს აქვს მეორე მხარეც. მანამდე კი ორიოდე სიტყვით უნდა განვმარტოთ რას წარმოადგენს “ფტორი”, რომელსაც ორგანიზმს გარედან ვაწვდით სხვადასხვა სახით. ეს არის რომელიმე ნივთიერების ნაერთი ფტორთან, ანუ ფტორიდი. ასეთი ნაერთი სხვადასხვა არსებობს. ბუნებრივ წყლებში კალციუმის ფტორიდია (CaF2). წყლის ხელოვნური ფტორირებისთვის დიდი ხნის განმავლობაში ნატრიუმის ფტორიდი (NaF) გამოიყენებოდა, რომელიც კალციუმის ფოტრიდისგან განსხვავებით სრულად შეითვისება ორგანიზმის მიერ და კბილის მინანქრთან ერთად სხვადასხვა ქსოვილშიც აკუმულირდება. დღეს ფტორირებისთვის უმეტესად ჰიდროფტორსილიციუმის მჟავა (HFS, FSA) გამოიყენება. 

ფტორიდები, რომელიც წყლის ხელოვნური ფტორირებისთვი გამოიყენება, ტოქსიურ საწარმოო ნარჩენებს წარმოადგენს. ისინი წარმოების პროცესში მეტალის მილების კოროზიის გამო პარალელურად დარიშხანსა და ტყვიასაც შეიცავენ. სასმელ წყალში დამატებამდე რაც უფრო დიდხანს ხდება მათი დაყოვნება საწარმოს მილებში, მით უფრო მეტი რაოდენობით შეიცავენ ამ გვერდით პროდუქტებს.

წყალთან ერთად ორგანიზმში მოხვედრილი ფტორიდი სისხლის გზით მიეწოდება კბილის მინანქარს, მაგრამ ამავდროულად აღწევს ყველა სხვა ქსოვილშიც. 50% შარდის გზით გამოიყოფა, დანარჩენი კი აკუმულირდება იმ ქსოვილებში, სადაც კალციუმია — კბილები, ძვლები, სახსრები. ასევე შეიძლება დაგროვდეს თავის ტვინის ეპიფიზში (გირჩისებური სხეული), რომელიც ძილის ციკლს არეგულირებს. ფტორიდი ასევე გაივლის პლაცენტარულ ბარიერს და ხვდება ნაყოფში.

სასმელი წყლის გარდა ფტორს შეიცავს საკვები პროდუქტებიც — კონსერვები, წვენები, გაზიანი სასმელები; პირის ღრუს ჰიგიენის პროდუქტები — კბილის პასტები, სავლებები, გელები; ტეფლონით დაფარული სამზარეულოს ინვენტარი; საკვები დანამატები და მედიკამენტები. აქედან გამომდინარე, მისი დოზირება ძალიან რთულია. 

თუ რას იწვევს ფტორის დაგროვება ორგანიზმში, ეს ძალიან ვრცელი თემაა. ამიტომ შევეცდები მოკლედ ჩამოვაყალიბო. 

ფლუოროზი — ფტორის სიჭარბის ყველაზე თვალსაჩინო გამოვლინებაა, რომელიც შეიძლება მიუთითებდეს სხვა უფრო მნიშვნელოვანი დარღვევების არსებობაზე ორგანიზმში. ახასიათებს ყვითელი-მორუხო ლაქები კბილის მინანაქრზე. თუ ფტორის სიჭარბე განსაკუთრებით მაღალია, ამ დროს ძვლები მყოფე და მსხვრევადი ხდება.

კიბო — ზოგიერთი კვლევა აჩვენებს ოსტეოსარკომის მაღალ სიხშირეს ფტორირებული წყლის მომხმარებლებში.

თავის ტვინი, ნერვული სისტემა — არაერთი კვლევის შედეგი მიუთითებს წყლის ფტორირების ნეიროტოქსიურ ეფექტს, კავშირს IQ ინდექსის შემცირებასთან, კოგნიტიურ და ცირკადული რიტმის დარღვევასთან.

სხვა დაავადებები, რომელიც ასოცირდება ფტორირებული წყლის გამოყენებასთან:

  • ჰიპოთრეოზი;
  • დიაბეტი;
  • ხშირი მოტეხილობები;
  • ნაადრევი სქესობრივი მომწიფება.

ახლა, როცა უკვე გვაქვს წარმოდგენა ფტორის როგორც დადებით, ისე უარყოფით ეფექტებზე, დგება მთავარი საკითხი: საჭიროა თუ არა მისი დამატებით მიღება?

რადგან ფტორის გამოყენების მიზანს წარმოადგენს კბილის დაცვა კარიესოგენური ფაქტორებისგან, მაგრამ ამავდროულად ვიცით მისი უარყოფითი გავლენა ზოგად ჯანმრთელობაზე და ამასთან გვაქვს დოზირების პრობლემა, უფრო რაციონალური ხომ არ იქნება თავად კარიესოგენური ფაქტორების მიმართ ბრძოლაზე აქცენტის გაკეთება? 

ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ როცა ფრედერიკ მაკეის მიერ წყლის ფტორირების ეფექტურობა იქნა აღმოჩენილი, არც ამდენი ცოდნა არსებობდა კარიესულ დაავადებებზე და მათ პროფილაქტიკაზე, არც ამდენი პროფილაქტიკური საშუალება, როგორიც დღეს არსებობს. ამიტომ ბუნებრივია დადგა დრო გადაიხედოს წყლის ფტორირებისა და ფტორის დანამატების გამოყენების აუცილებლობის საკითხი.

 

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.