ფესვის რეზორბცია

“სარძევე კბილს ფესვი არ აქვსო” შეიძლება გაგიგიათ. ფესვიც აქვს და სრულფასოვანი კბილიცაა, მაგრამ მოცვლისას რომ მხოლოდ გვირგვინი შეგვრჩება ხოლმე ხელში, ეს მოსაზრება ალბათ ამის დამსახურებაა.

სარძევე კბილის ფესვის გაწოვა ფიზიოლოგიური პროცესია, რაც მის მორყევას და მოცვლას განაპირობებს. მუდმივ კბილებში კი ფესვის გაწოვა ანუ რეზორბცია ნორმალური არ არის და პრაქტიკულად ყოველთვის კონკრეტული მიზეზით არის გამოწვეული. თუმცა არის იდიოპათიური რეზორბციის შემთხვევებიც, როცა მიზეზის პოვნა ვერ ხერხდება. უმეტესად ასეთი რამ კბილის ყელის არეში ხდება. ჯერ ჩნდება მოწითალო ფერის ლაქა ან ლაქები, რომელიც ანომალიურ უჯრედებს შეიცავს და ფესვის ქსოვილს თანდათან შლის.

ფესვის რეზორბციის პროცესი ბოლომდე ახსნილი არ არის, მაგრამ მეტნაკლებად ცნობილია გარემოებები, რომელიც ხელს უწყობს მას. მაგალითდ, ორთოდონტიული მკურნალობის დროს თუ კბილზე გადაჭარბებული ძალა მოქმედებს, ამან შეიძლება გამოიწვიოს ფესვის რეზორბცია. ასევე კბილის ენდო-გათეთრება, როდესაც გამათეთრებელი საშუალება კბილის შიგნით თავსდება, შეიძლება გახდეს ფესვის რეზორბციის მიზეზი.

ადრეული დიაგნოსტიკა აქაც, ისევე როგორც ყველა დაავადებისას, კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ის ფაქტი, რომ ფესვის რეზორბცია პრაქტიკულად უმტკივნეულოდ მიმდინარეობს, ართულებს მის დროულად აღმოჩენას. და ამ შემთხვევაშიც რეგულარული ვიზიტები სტომატოლოგთან და პროფილაქტიკური დათვალიერება საქმეს ამარტივებს და ხშირად კბილის ბედსაც გადაწყვეტს. რეზორბციის სიდიდეზეა დამოკიდებული საჭირო გახდება თუ არა ენდოდონტიური მკურნალობა (“კბილის მოკვლა”). ისიც ხდება ხოლმე, რომ რეზორბცია იმდენად დიდია და კბილის ქსოვილების დანაკარგი იმხელაა, რომ მისი ამოღებაც კი ხდება საჭირო.

Leave a comment

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.