რატომაა იმპლანტაცია ძვირი?

ალბათ ძნელად მოიძებნება საქართველოში პაციენტი, ვინც თვლის რომ იმპლანტაციის ფასი ძვირი არაა. და არამარტო საქართველოში. ამ პოსტში შევეცდები ავხსნა ის მიზეზები, რაც ჩემი აზრით განაპირობებს ამ პროცედურის სიძვირეს.

პირველ რიგში თავად იმპლანტებზე ვისაუბროთ, იმ პროცესზე, სანამ იგი ექიმ-სპეციალისტამდე მიაღწევს. დენტალური იმპლანტები დამზადებულია ტიტანისგან, რომელიც თავისთავად ძვირადღირებული მეტალია. თუმცა არსებობს უმეტალო იმპლანტებიც (მაგ. ცირკონიუმის ოქსიდისგან ან PEEK პოლიმერისგან დამზადებული), მაგრამ ისინი ისე კარგად არაა ჯერ შესწავლილი, როგორც ტიტანი. ამიტომ ტრადიციული ტიტანის იმპლანტები კვლავ ყველაზე მოთხოვნადი რჩება და ამ სტატიაში სწორედ მათზე ვისაუბრებთ.

ტიტანის იმპლანტი სულაც არაა ტიტანის ხრახნი. გამოჩარხვის შემდეგ თითოეული მათგანი დამუშავების რთულ პროცესს გადის (მექანიკურად, მჟავით, ლაზერით) ზედაპირის გაუმჯობესების მიზნით. ეს კი საჭიროა სწრაფი და ხარისხიანი ოსტეოინტეგრაციისთვის (ძვალთან შეხორცება). სწორედ ამ თვისებაზეა დამოკიდებული იმპლანტაციის წარმატება. შესაბამისად, ძვირაღირებული ტექნოლოგია ფასის ერთერთი განმსაზღვრელია.

იმპლანტაცია არ წარმოადგენს რუტინულ პროცედურას, როგორიცაა მაგალითად კარიესის მკურნალობა, არხების დაბჟენა, კბილის ამოღება. იგი სრულდება სპეციალისტების გუნდის მიერ და მოითხოვს წინასწარ დაგეგმვას.   კონსულტაციაზე იკრიბება მონაცემები და ინიშნება სათანადო გამოკვლევები. რენტგენოლოგიური გამოკვლევა (ზოგჯერ კომპიუტერული ტომოგრაფიაც) აუცილებელია. შესაძლოა საჭირო გახდეს ასევე ანალიზები ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის შესაფასებლად. სრულიად შესაძლებელია, რომ ამ მონაცემებზე დაყრდნობით უარი გითხრან იმპლანტაციაზე ან მისი გადავადება შემოგთავაზონ — ამაზე სხვა პოსტში ვისაუბრებთ.

როდესაც იმპლანტაციის ჩატარების გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, ხდება მკურნალობის პროცესის დაგეგმვა, რომელშიც მონაწილეობს ქირურგი, ორთოპედი და ტექნიკოსი. ქირურგიულ ნაწილში წინასწარ ისაზღვრება იმპლანტაციის ტიპი, იმპლანტის ლოკალიზაცია, მისი სიგრძე, სიგანე, სახეობა, დამატებითი პროცედურების აუცილებლობა (როგორიცაა ტრანსპლანტატის გამოყენება)… ორთოპედისა და ტექნიკოსის მიერ ხდება მომავალი პროთეზის შექმნა ციფრულად ან თაბაშირის მოდელზე. ისინი განიხილავენ სხვადასხვა ვარიანტებს და არჩევენ ოპტიმალურ გადაწყვეტილებას.

დაგეგმვა ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია წარმატებული იმპლანტაციისთვის, რომელსაც სჭირდება სათანადო ფიზიკური, ინტელექტუალური და დროის რესუსრსი. შემდგომი ეტაპები კი უკვე სწორედ ამ გეგმის მიხედვით ხორციელდება — ქირურგიული ნაწილი, რომელიც უშუალოდ იმპლანტის ყბის ძვალში მოთავსებას ისახავს მიზნად და ორთოპედიული (პროსთეტიკა), რომელიც იმპლანტებზე დამაგრებული გვირგვინის, ხიდის, პროტეზის დამზადებას გულისხმობს.

კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც აუცილებლად უნდა აღინიშნოს, არის ექიმის კვალიფიკაცია. იმპლანტაციის პროცედურა სხვადასხვა სირთულის არსებობს. წარმატებული შედეგის მისაღებად აუცილებელია, რომ ექიმის კვალიფიკაცია შეესაბამებოდეს სიტუაციის სირთულეს. იმპლანტაციაში მომუშავე ექიმს მუდმივად სჭირდება პროფესიონალიზმის დახვეწა სხვადასხვა კურსებისა და ტრეინინგების გზით, ზუსტად ისევე, როგორც უცხოელ ექიმებს, სადაც იმპლანტაციის ფასი მინიმუმ 2-ჯერ ძვირია.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.