როდესაც საქმე მცირე ზომის კარიესს ეხება, ჰელიობჟენის ანუ სხივით გამყარებადი კომპოზიტის არჩევა დიდ პრობლემას არ წარმოადგენს. მაგრამ, როდესაც დიდი ზომის დეფექტია აღსადგენი, ანუ კბილის გვირგვინის რესტავრაციაა საჭირო, ღირს დაფიქრება. ასეთ შემთხვევაში ჰელიობჟენს კონკურენციას უწევს “ცერეკის” ბჟენი, რომელიც კერამიკის მასალისგანაა დამზადებული CEREC ტექნოლოგიით. ასეთ ბჟენს ინლეი ან ონლეი ეწოდება.
კერამიკის მასალისაგან განსხვავებით, კომპოზიტი დროთა განმავლობაში იკუმშება, რის გამოც ჩნდება მიკროსივრცეები ბჟენსა და კბილის ქსოვილს შორის და საჭიროა მისი შეცვლა. რაც უფრო დიდი ზომისაა ღრუ, მით უფრო მეტი კომპოზიტი გამოიყენება ბჟენისთვის და მით უფრო მეტია შეკუმშვა. ეს კი ნიშნავს, რომ უფრო ადრე უნდა გამოიცვალოს ბჟენი. წინააღმდეგ შემთხვევაში დიდია კბილის კედლის მოტეხვის ალბათობა, რადგან მასა და ბჟენს შორის კავშირი შესუსტებულია. კერამიკას კუმშვა არ ახასიათებს. ამიტომ ამ მიზეზით მისი შეცვლა საჭირო არ არის.
კომპოზიტი ბევრად უფრო ადვილად ცვდება, ვიდრე კბილის მინანქარი. დიდი ზომის დეფექტები თითქმის ყოველთვის მოიცავს კბილის ზედაპირზე არსებულ ბორცვებს. ისინი საკვების დაქუცმაცებას ახდენენ ღეჭვის პროცესში. როდესაც ბორცვები კომპოზიტით არის აღდგენილი, ბჟენი გაცილებით სწრაფად ცვდება, ვიდრე მცირე ზომის ღრუს შემთხვევში. კერამიკის სიმტკიცე არაფრით ჩამოუვარდება მინანქრის სიმტკიცეს. ამიტომ ასეთი ბჟენი ისევე უძლებს ღეჭვით დატვირთვას, როგორც ბუნებრივი ქსოვილი.
სხვა ესთეტიკური მახასიათებლები ცერეკის მასალის შემთხვევაშიც ისეთივეა, როგორც ჰელიობჟენის შემთხვევაში. ფერი და ტექსტურა პრაქტიკულად ბუნებრივის იდენტურია.