ორთოდონტიული მკურნალობა ბრეკეტ-სისტემის საშუალებით ეფექტურია ნებისმიერ ასაკში. თუმცა იდეალურია მკურნალობის ჩატარება 10-დან 14 წლამდე, როდესაც პირის ღრუს ორგანოები და სახის ძვლები ჯერ კიდევ ზრდის პროცესშია და კბილებიც უფრო “დამყოლია” სწორ პოზიციაში ჩასაყენებლად. მიუხედავად ამისა, ყოველწლიურად სულ უფრო მეტი ზრდასრული ადამიანი მიმართავს ორთოდონტს და იღებს კიდეც არაჩვეულებრივ შედეგს.
ბრეკეტები უაღრესად ეფექტური საშუალებაა, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც სიტუაცია ერთი შეხედვით უიმედოა. მაგალითად, სასაზე ამოჭრილი კბილი, ან რკალგარეთ ამოსული “ეშვები”. ამ სისტემის საშუალებით ფაქტობრივად ნებისმიერი მიმართულებითაა შესაძლებელი კბილის გადაადგილება. ამასთანავე, ეფექტურობის თვალსაზრისით არ აქვს მნიშვნელობა ბრეკეტები მეტალისაა, კერამიკის, პლასტმასის თუ გამჭვირვალე. პროფესიონალი ექიმი-ორთოდონტის ხელში ყველა მათგანით მიიღწევა სასურველი შედეგი. რაც შეეხება ბრეკეტების ვიზუალურ მხარეს, ეს რათქმაუნდა პაციენტის გადასაწყვეტია, რომელი სისტემაა მისთვის მისაღები.
როგორ მუშაობს ბრეკეტები:
ორთოდონტიული მკურნალობის პრინციპს წარმოადგენს ძალის ზემოქმედებით კბილების გადანაცვლება და სასურველ პოზიციაში ჩაყენება. ამისათვის კბილებზე მაგრდება ორთოდონტიული “მოწყობილობა”, ამ შემთხვევაში ბრეკეტები. მათზე მიმაგრებული რკალი ერთდროულად რამოდენიმე კბილზე ახდებს ზეწოლას და განსაზღვრული, ძალიან მცირე ძალით აწვება სასურველ კბილს სასურველი მიმართულებით. გასათვალისწინებელია ის, რომ კბილების ასეთი “მოძრაობისთვის” აუცილებელია სივრცე. თუ ისინი მჭიდროდაა განლაგებული, შესაძლოა ადგილი საკმარისი არ იყოს და აუცილებელი გახდეს ზოგიერთი კბილის ამოღება.
თუ მოზარდობის ასაკს უკვე გასცდით და გეგმავთ ორთოდონტიულ მკურნალობას, გაითვალისწინეთ:
- ზრდასრული ადამიანის ძვლები აღარ იზრდება. ამიტომ ზოგიერთი “დრამატული” ცვლილების მიღწევა შეუძლებელია ქირურგიის გარეშე.
- მკურნალობას შეიძლება უფრო მეტი დრო დასჭირდეს თქვენთვის, ვიდრე მოზარდისთვის. ზუსტი ხანგრძლივობა ინდივიდუალურია, მაგრამ საშუალოდ ეს 2 წელია.
- აუცილებლად დაგჭირდებათ პაროდონტოლოგის კონსულტაცია, რადგან ღრძილების დაავადების არსებობის შემთხვევაში მოსალოდნელია მისი გამწვავება, რაც საბოლოოდ შედეგზეც აისახება.