დღეს პაციენტებს ხშირად უწევთ არჩევანის გაკეთება ცირკონის გვირგვინებსა და მეტალო-კერამიკას შორის. უმეტეს შემთხვევაში არჩევანი ცირკონის სასარგებლოდ კეთდება. თუ გავითვალისწინებთ, რომ ზოგადად ხელოვნური გვირგვინის მიმართ 2 მთავარი მოთხოვნაა წაყენებული — გამძლეობა და ესთეტიკა, გასაგები გახდება თუ რატომ ირჩევეენ ცირკონის გვირგვინს უფრო ხშირად. იგი ამ ორივე მოთხოვნას უფრი წარმატებით აკმაყოფილებს, ვიდრე მეტალო-კერამიკა.
ცირკონის გვირგვინი ცირკონიუმის ოქსიდის მონოლითური ბლოკისგან მზადდება ფრეზირების გზით, ხოლო მეტალო-კერამიკის გვირგვინი მეტალის კარკასზე კერამიკის ფენების დატანის და კერამიკულ ღუმელში შემდგომი გამოწვის გზით. ღრძილის მიმდებარე ნაწილში, სადაც კერამიკის ფენა ყველაზე თხელია, ხშირად ჩანს მეტალის სიმუქე, განსაკუთრებით მაშინ, როცა ღრძილი თხელია ან რეცესია გვაქვს. ეს გარემოება ცირკონს უდაო უპირატესობას ანიჭებს — მას აღნიშნული პრობლემა არ ახასიათებს, რადგან მასში მეტალის კომპონენტი საერთოდ არ არის.
ცირკონის გამძლეობა მეტალო-კერამიკასთან შედარებით 3ჯერ მეტია. ჩამოტეხვა, ატკეჩვა, დაბზარვა, რაც მეტალო-კერამიკის შემთხვევაში ხშირი პრობლემაა, ცირკონს საერთოდ არ ახასიათებს. ამიტომ მას განსაკუთრებით იმ შემთხვევებში ურჩევენ, როდესაც გაზრდილ დატვირთვასთან გვაქვს საქმე (მაგ. ბრუქსიზმი, ცვეთა). სწორი დამზადებისა და შესაბამისი მოვლის შემთხვევაში ცირკონის გვირგვინი ხშირად მთელი ცხოვრების მანძილზე ემსახურება მფლობელს.
კიდევ ერთი უპირატესობა მისი ჰიპოალერგიულობაა. ცირკონის ოქსიდი შესანიშნავი ბიოშეთავსებადობის გამო ათწლეულების მანძილზე გამოიყენება სხვადასხვა სახის იმპლანტების დასამზადებლად (ხელოვნური სახსარი, დენტალური იმპლანტები). მეტალოკერამიკის შემადგენლობაში შემავალ მეტალებზე ალერგია ხშირი არ არის, მაგრამ ასეთ შემთხვევაში ცირკონის გვირგვინები უალტერნატივოა.
გამარჯობა. 7 წელი მქონდა მეტალოკერამიკის ხიდი ზედა ორ კბილზე (მე-5 და მე-6 ზე) და დროთა განმავლობაში დაიწია უკანა მხარეს სასის მხრიდან და გამოვიცვალე მაგ მიზეზის გამო თორემ წინა მხრიდან ღრძილთან იყო იდეალურად და არც მაწუხებდა. უკანა მხირდან გვირგვინსა და ღრძილს შორის ფრჩხილი მეტეოდა ისე იყო დაშორებული და შესაბამისად უსიამოვნო სუნი მქონდა გვირგვინის კიდეზე ზუსტად ამ სივრცეში. ამ გაზაფხულზე გავიკეთე ამ კბილებზე ახალი ცირკონის გვირგვინები ცალ-ცალკე და ფლოსსაც ვიტარებ ამ ორ კბილს შორის და ჰიგიენასაც ვიცავ. თავიდანვე ეს მეექვსე კბილის გვირგვინი როგორ წინა მეტალოს გვირგვინი არის დაწეული, აქაც ზუსტად იმხელა სივრცეა რომ ფრჩხილი მეტევა, ნუ ეხლა განა ბოლომდე მეტევა უბრალოდ შემიძლია ფრჩხილი ,,წამოვდო ,,გვირგვინის კიდეს და დღის ბოლოს ფრჩხილზე უსიამოვნო სუნი მრჩება. რა გავაკეთო? რისი ბრალია? თანხა ნამდვილად აღარ მაქვს რომ ხელახლა გავიკეთო გვირგვინი და რა გამოსავალი ვნახო? ირიგატორი მოაგვარებს ამ პრობლემას? კი ვხვდები რომ როცა საკუთარი კბილი არაა და გვირგვინია ღრძილთან ისეთი სიზუსტით ვერ იქნება მიწებებული როგოროც ნამდვილი მაგრამ ასე მოკლე ხანში რატომ დაიწია? სისხლი არ მომდის ღრძილიდან და არც მაწუხებს სხვა რამე.
ხელოვნური გვირგვინი ღრძილზე არაა მიწებებული. ღრძილის თავისუფალი კიდე ფარავს გვირგვინისა და კბილის ფესვის შეერთების ადგილს. ეს შეერთებაა პრობლემა თქვენს შემთხვევაში, როგორც ჩანს. კონტაქტი უნდა იყოს მაქსიმალურად გლუვი, სწორედ იმიტომ, რომ არ მოხდეს ბაქტერიული ნადების დაგროვება. თქვენს შემთხვევში კი საფეხურია, როგორც ჩანს. ნადები გროვდება და ბუნებრივია სუნიც არის. მომავალში ეს გამოიწვევს ჯიბის ჩამოყალიბებას, ან ღრძილის კიდევ უფრო დაწევას (რეცესიას).
თუ ამ პრობლემის კორექციის საშუალება არ არის ამ ეტაპზე, დიახ ირიგატორი ნაწილობრივ შეძლებს ჰიგიენის გაუმჯობესებას ამ კონკრეტულ ადგილას, რადგან ფლოსი ღრძილის კიდეს ვერ მიუდგება (თუმცა ფლოსი შეუცვლელია კბილებს შორის წმენდისთვის და აუცილებლად უნდა გამოიყენოთ). ასევე შეიძლება სცადოთ შესაბამისი ზომის კბილთაშორისი ჯაგრისით გაწმენდა. ზოგადად კი აჯობებს ჯერ პაროდონტოლოგთან კონსულტაცია ამ კონკრეტულ პრობლემასთან დაკავშირებით და შესაბამისად გვირგვინის შეცვლის დაგეგმვა. პაროდონტოლოგთან იმიტომ, რომ შესაძლოა უკეთესი იყოს “გვირგვინის დაგრძელების” ჩატარება, რაც უკეთეს პირობებს შექმნის ახალი გვირგვინის მოსარგებად.