
ვაქცინაციის პროცესს ქართული ჯანდაცვის სისტემა არცთუ მომზადებული შეხვდა. სხვა მრავალ პრობლემასთან ერთად ექიმების მასობრივი ინფორმირება ვაქცინის, ვაქცინაციის პროცესის, სხვადასხვა დაავადებებთან და მედიკამენტებთან ურთიერთკავშირის თაობაზე აშკარად არ არის სათანადო იმ მოცემულობაში, რომ ვირუსი ჯერ კიდევ შესწავლის ფაზაშია და ყველაზე ეფექტური ვაქცინები ახალი ტექნოლოგიითაა დამზადებული. ამიტომ ბუნებრივია ხშირია არასწორი რეკომენდაციები. ამან თავის მხრივ შეიძლება გამოიწვიოს სხვა დაავადებებთან დაკავშირებული გართულებები.
მას შემდეგ, რაც რამოდენიმე კითხვა მივიღეთ COVID-19 ვაქცინისა და ანტიბიოტიკების შესახებ, გადავწყვიტეთ ეს საკითხი უფრო დაწვრილებით განგვეხილა შესაბამისი წყაროების მითითებით.
ანტიბიოტიკები ძალიან ხშირად ინიშნება სტომატოლოგიურ პრაქტიკაში ჩირქოვანი პროცესების დროს ან მათი პრევენციის მიზნით. ყველაზე ხშირად კი — 1) არხების მკურნალობის დროს, როდესაც მწვავე ჩირქოვანი პროცესი გვაქვს და 2) კბილის ექსტრაქციის შემდეგ ჩირქოვანი პროცესის შემთხვევაში ან რთული ექსტრაქციისას მომავალში ინფექციის განვითარების თავიდან ასაცილებლად. შესაძლოა არაინფორმირებულობის ან სხვა მიზეზის გამო ზოგჯერ ექიმები თავს იკავებენ ანტიბიოტიკების დანიშვნისაგან, როდესაც პაციენტი ახლი ვაქცინირებულია COVID-19 ვაქცინით.
ანტიბიოტიკი ყველაზე მძლავრი იარაღია ინფექციის წინააღმდეგ. საჭიროების შემთხვევაში მისი გამოყენებისგან თავის შეკავებამ შესაძლოა სერიოზული გართულებება გამოიწვიას და პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე შეექმნას.
ქვემოთ მოყვანილია ამონარიდები ავტორიტეტული წყაროებიდან ლინკთან ერთად, რაც პასუხს გასცემს კითხვას: შეიძლება თუ არა ანტიბიოტიკის მიღება, თუ COVID-19 საწინააღმდეგო ვაქციანცია ჩავიტარეთ ?
- COVID-19 ვაქცინები არ ახდენს გავლენას ანტიბიოტიკების მოქმედებაზე. შესაბამისად ანტიბიოტიკი შეიძლება დაინიშნოს საჭიროების მიხედვით ვაქცინაციის დროის მიუხედავად. (ინფექციური დაავადებების ეროვნული ფონდი, აშშ https://www.nfid.org/infectious-diseases/frequently-asked-questions-about-covid-19-vaccines/)
- COVID-19 ვაქცინა ეხმარება ორგანიზმის იმუნურ სისტემას ამოიცნოს კორონავირუსი და ებრძოლოს მას უფრო ეფექტურად და სწრაფად. იგი “წვრთნის” იმუნურ უჯრედებს იცნოს, შეუტიოს და გაანადგუროს ვირუსი. მეორეს მხრივ, ანტიბიოტიკი ებრძვის ბაქტერიას, რომელიც რომელიმე ინფექციური დაავადების გამომწვევია ორგანიზმში. აქედან გამომდინარე ვაქცინა არ ერევა ანტიბიოტიკის მოქმედებაში და არც ანტიბიოტიკი ახდენს გავლენას ვაქცინის მოქმედებაზე. (ანტიბიოტიკების კვლევის ცენტრი, დიდი ბრიტანეთი https://www.antibioticresearch.org.uk/antibiotics-and-the-covid-19-vaccine/)
- ვაქცინაციის დღეს მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის ავადობის შემთხვევაში არაა საჭირო ვაქცინაციის გადადება, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ანტიბიოტიკებს იღებთ. (ვაქცინაციისწინა სკრინინგი, დაავადებათა კონტროლის ცენტრი, აშშ https://www.cdc.gov/vaccines/covid-19/downloads/pre-vaccination-screening-form.pdf)
შესაბამისად, უსაფრთხოა ვაქცინირება იმ შემთხვევაშიც, თუ უკვე ვიღებთ ანტიბიოტიკებს და მათი შეწყვეტა ან ვაქცინაციის გადადება საჭირო არ არის.